კერძო სკოლებს აქვთ უფლება, განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში, პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ

კერძო სკოლებს აქვთ უფლება, განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში, პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა“ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ უფლებით კერძო სკოლების ნაწილი სარგებლობს. მათ შორისაა წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა. ის იმ პატარებსაც იღებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
“ბავშვის სკოლისათვის მზაობა მნიშვნელოვანია სკოლაში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის. შესაბამისად, სკოლაც უნდა იყოს მზად 5 წლის ბავშვების მისაღებად. კვლევები ცხადყოფს, რომ 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას თან არაერთი პრობლემა ახლავს. თუმცა მნიშვნელოვანია, ისიც ვიცოდეთ, რომ 5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა ის კი არ არის, რა შეიძლება ვასწავლოთ, არამედ ის, რომ უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, შევუქმნათ სათანადო გარემო. ჩვენი სკოლის პედაგოგებს 5-წლიან მოსწავლეებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ერთი მხრივ, კარგად იცნობენ ამ ასაკის მოსწავლეთა განვითარების თავისებურებებს, მეორე მხრივ, აქტიურად იყენებენ თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიას, რათა უმტკივნეულოდ შეძლონ 5-წლიან მოსწავლეთა უცხო გარემოში ადაპტირება, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ქცევა და მიზანმიმართულად მუშაობენ ნატიფი მოტორიკის, მეხსიერების, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა აკადემიური უნარების განვითარებაზე“, -აცხადებენ წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები