ბავშვი ყვება, რომ მამაო ხელებს უფათურებდა – რას აცხადებს არასრულწლოვანი ბიჭის დედა
რას უყვება “ალიას“ არასრულწლოვანი ბიჭის დედა, რომელიც ბერ ექვთიმეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს?! – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სტატიას აქვეყნებს.
გაზეთ “ალიას“ ცნობით, ბერი ექვთიმე (თეიმურაზ ხუციშვილი) 2015 წლის 4 ივლისს დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს, რომ მან კვეთებულის ლოცვის დროს არასრულწლოვან 14 წლის) ბიჭს, ვ.ქ-ს ინტიმურ ადგილზე, კერძოდ, კუდუსუნზე სცხო ზეთი.
2016 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბერ ექვთიმეს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
“ალიასთან“ საუბრისას, არასრულწლოვანი ბიჭის დედა სასულიერო პირს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და საეჭვო გარემოებეზე საუბრობს.
“სამებაში მუშაობდა ერთი ბიჭი, მორჩილი იყო, სერგო ჰქვია, რომელსაც ჰქონდა კავშირი ამ მამაოსთან, ექვთიმესთან. იმ პერიოდში ჩემი შვილი დადიოდა ეკლესიაში, მოძღვრის აყვანა უნდოდა. უარი არ მითქვამს. ეკლესიაში შეხვდა სერგო, რომელსაც იცნობდა ჩემი შვილი. ის ჩვენთანაც იყო ერთხელ სახლში მოსული. ერთ დღესაც შემთხვევით კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს ეკლესიასთან, ჩემი შვილი ძაღლს ასეირნებდა… ამ დროს მოვიდა მამაოც, მანქანა გააჩერა, ბავშვი გაესაუბრა, თავი დაალოცინა. ცუდი არაფერი შემიმჩნევია, მამაოს ანაფორა ეცვა და ჯვარი ეკეთა. ერთხელ, ჩემი შვილი ღამის 12 საათზე სახლიდან გაიყვანა სერგომ. მამაოს მანქანაში ჩასვა და ბავშვი წაიყვანა. ეგ თუ მამაოა და ეკლესიურად ცხოვრობს, რაში სჭირდებოდა ღამის 12 საათზე წაყვანა?!“, – აცხადებს მარინა ქოჩარიანი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას,რომ არასწრულწლოვანი ერთ-ერთ სტადიონზე ბიჭებთან დადიოდა, იქ სვამდნენ, თვრებოდნენ და მერე ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს, ბიჭის დედა აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
“ჩემი შვილი სტადიონზე მარტო არ დადიოდა, სულ მე დავყვებოდი და ასეთი რამ გამორიცხულია, ჩემი შვილი არასოდეს ტყუის… იმის მერე, რაც მამაოსთან იყო, აბსოლუტურად გაუწონასწორებელი გახდა. ბავშვი ყვება, რომ როცა მამაოს მანქანაში ჩაუჯდა, მამაოს უკითხავს, ქალისთვის ან კაცისთვის თუ ჰქონდა ნაკოცნი. მერე ბავშვმა მითხრა, დედა, მანქანაში რაღაც დამივარდა და ასაღებად რომ დავიხარე, მამაომ კისერში ჩამავლო ხელი და შემეშინდაო… თან მანქანაში უკანაც ძაღლი ჰყავდაო. მე ვუთხარი, მამაო, წამიყვანე სახლში, დედაჩემი ძალიან ინერვიულებს-მეთქი. ასე მიპასუხა, ნუ გეშინია, აქ ახლა მთვრალი კაცები არიან და ვერ წაგიყვანო. ღამის 4 საათზე ვიპოვე ბავშვი მამაოსთან სახლში, სერგოს მეშვეობით. არც მეუბნებოდა სერგო, სად იყო ჩემი შვილი, ძლივს ვათქმევინე. მამაოს უთქვამს ბავშვისთვის, იბანავეო. ამას უთქვამს,არ მინდა, მამაო, სუფთა ვარო. ნუ გეშინია, შენამდეც მომყავდა ბავშვები, გოგოებიცო, ბიჭებიცო, ვაბანავებდი და ვუშვებდიო. ჩაკეტა კარები და ბავშვს ფსიქიკური აშლილობა დაემართა, ძალიან შეეშინდა… ბავშვი ყვება, რომ მამაო ხელებს უფათურებდა. მე იმიტომ კი არ ვუჩივლე მამაოს, რომ ჩემს შვილს რამე დაუშავდა, ჩემი შვილი გადარჩა, მაგრამ პოლიციას იმიტომ მივმართე, რომ სხვა ბავშვისთვის არ დაეშავებინა რამე. ფსიქოლოგებთანაც დამყავდა. ბავშვი ძალიან დამცირებულად გრძნობდა თავს. თვითონ იმ სერგომაც აღიარა, მამაომ ჩემზეც განახორციელა სექსუალური ძალადობაო. მამაომ ბავშვს სექსუალური ფილმები ჩაურთო და აყურებინა. ღამის ოთხი საათი იყო, კარებზე დავაკაკუნეთ და მამაომ კარი ცოტა ხნის მერე გაგვიღო. ბავშვი გიჟივით გამოვარდა. სახლში რომ მოვიყვანეთ, სულ კანკალებდა. მშობლის დაუკითხავად ღამის თორმეტზე არასრულწლოვანის წაყვანა როგორ შეიძლება“?!- აცხადებს მარინა ქოჩარიანი.
თუმცა ბერი ექვთიმეს მრევლის წევრები „ალიასთან“ აცხადებენ, რომ მამაოს ხშირად დაჰყავდა სახლში ქუჩის უპატრონო ბავშვები, აჭმევდა და აბანავებდა, ფულსაც აძლევდა.
გაზეთ “ალიასთან “ გამოცემის გასული კვირის ნომერში ინკოგნიტო წყარო აცხადებდა, რომ სასულიერო პირი სრულიად უდანაშაულოა.
“მამაომ ზეთი აცხო ინტიმურ ადგილზე, სხვა ბრალი არ აქვს. ბავშვი მოუყვა, ბიჭებთან კონტაქტი მაქვსო, მამაომ უთხრა, ეს ცუდი საქციელიაო და შეულოცა. თვითონვე არ უნდა გახმაურება იმიტომ, რომ ადვოკატი უკრძალავს. ექსპერტიზა ჩაუტარდა და ვერაფერი დაამტკიცა. ეს ჯანმრთელობის ლოცვებია, ანუ სადაც ადამიანს ტკივილები აწუხებს, იქ უკეთებს ლახვარს და ზეთს სცხებს. პატრიარქის კურთხევით ატარებდა ამ ლოცვებს. ეს ბავშვი ერთ-ერთ სტადიონზე ბიჭებთან დადიოდა, იქ სვამდნენ, თვრებოდნენ და მერე ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. მას უთქვამს მამაოსთვის, ასეთი საქციელი შვიდჯერ ჩავიდინეო, შეეცოდა, დაარიგა, ლოცვები წაუკითხა“, – აცხადებდა ინკოგნიტო წყარო.