რატომ არსებობს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ქაოსის საშიშროება?
ხალხის ხმა უხილავია, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიის ძირითად ასპექტს, პოლიტიკური მიმართულებების მაჩვენებელს, კონტროლის ინსტრუმენტს და პოლიტიკური კულტურის ფორმირების მამოძრავებელ ძალას.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ხალხის ხმა სუსტდება, შედეგს წარმოადგენს:
• გამოწვევები სახელმწიფოს მართვაში;
• პრობლემები სოციალურ კეთილდღეობაში;
• შეფერხებები სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანად ფუნქციონირებისა და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში;
• ეფექტიანობის შემცირება სახელმწიფო მმართველობაში;
• შეფერხებები სამთავრობო პროგრამებისა და რეფორმების გატარებაში;
• ჯამში, ადმინისტრაციული და პოლიტიკური ქაოსის სიმპტომები.
რა ქმნის პოლიტიკური ქაოსის სიმპტომებს?
პოლიტიკური ქაოსის სიმპტომებს წარმოქმნის შენიღბული არაეფექტიანი მმართველობა, პრობლემების „ლპობა“ (მოუგვარებლობა), გაბატონებული „საკადრო პოლიტიკა“, სახელმწიფო მართვაში მეცნიერ-მკლევარების ჩართვის უგულებელყოფა, ქვეყნის ინერციით განვითარება, საზოგადოების კრიტიკისა და მეცნიერ-მკვლევართა რეკომენდაციების იგნორირება.
ამასთან, პოლიტიკური პარტიების მიხედვით საზოგადოების ფრაგმენტაცია ძალიან ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობასა და ერთსულოვნებას.
დღეს, ქართული პოლიტიკური კონტრასტი მოიცავს: ინფორმაციული ზეგავლენის ტექნოლოგიებს, „დაბრალება -ცილისწამების სცენარებს“, შანტაჟის ტექნიკას, ფულადი ინექციებით „დატბორილ“ ჯგუფებს, ნეგატიურ პოლიტიკურ კამპანიებს თუ სხვა მოძველებულ ტექნოლოგიებს.
არსებული პოლიტიკური სცენარები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მიუთითებს, რომ ზოგიერთი ჯგუფი ფლობს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას (ხალხის ნების გარეშე), ხოლო უფლებამოსილების მქონე პირები ვერ ახდენენ უფლებამოსილების დელეგირებას, შედეგად ვიღებთ ადმინისტრაციული და პოლიტიკური ქაოსის სიმპტომებს. ქაოსი კი აღნიშნული ჯგუფებისათვის, ძალაუფლების მოძრაობაში მოყვანის კატალიზატორს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, აღსანიშნავია სახელისუფლებო გარემოში არსებული ენდემური უთანხმოებები, რაც რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების მყარი არგუმენტია.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ფრაგმენტულ და არაკოორდინირებულ პოლიტიკური სივრცეში:
• პოლიტიკური სისტემის ჯგუფები შესაბამის გავლენას ვერ ახდენენ ეკონომიკურ აქტივობის ტემპზე, ხოლო გავლენის მომხდენი ძალისა და უნარის მქონე რესურსს, იმის შიშით, რომ მათ ჩაანაცვლებენ, ახშობენ და „წინ არ უშვებენ“ (მაგალითად, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებს);
• ბუნდოვანია ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობის მომავალი;
• გაურკვეველია კარიერული წინსვლის გზები;
• პესიმისტურია ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მიღწევის ტემპი;
• ახალგაზრდა ოჯახისათვის რთულია (ფაქტობრივად, შეუძლებელია) უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა და პერმანენტული განვითარება;
• არ ხდება პოლიტიკური რეჟიმის რეფორმირება. არავის სურს ახალი რესურსის მოზიდვა;
არსებულ პოლიტიკური ქაოსში არ გვხდება ეთიკა და მორალი, წესი და სიტყვა. სირთულეს წარმოადგენს განსაზღვრო ახალი პოლიტიკური რესურსის პოტენციალი და ძალა, პოლიტიკური ენერგია და ქარიზმატული უნარ-ჩვევები, ეკონომიკურად ევროპული დონის ქვეყნის შემქმნელი რესურსი.
არსებითია აღინიშნოს, რომ საქართველოს პოლიტიკური კულტურის უნიკალურობის კონტრასტი მდგომარეობს შემდეგში:
• სახელმწიფო ვერ იყენებს მეცნიერ-მკვლევართა რესურსებს, იგნორირებას უკეთებს მათ კვლევებსა და რეკომენდაციებს;
• რესურსამოწურული პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოებს პოლიტიკური სტანდარტების განსაზღვრა (შედეგად კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება პოლიტიკური გარემო);
• ქვეყნის მართვა ხორციელდება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის მიღწევის გარეშე (აქცენტები, სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების ნაცვლად პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე კეთდება);
• ქვეყანაში ჩვეულ მოვლენად იქცა ის ფაქტი, რომ ცალკეული პროცესები ვლინდება პოლიტიკურ კულტურაში, ხოლო სხვებისთვის ასეთივე პროცესები „გარკვეულ“ წესებს არღვევს.
შეჯამება
ჯამში, ქვეყნის ინერციით განვითარების პირობებში, პროგნოზების გაკეთება რთული არაა, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ არჩევნები ტარდება. შედეგად, ყოველთვის გვაქვს იგივე პოლიტიკური სახეები (მეტი გამოცდილებით), „უცვლელი ერთგული კადრები“, უცვლელი პარტიული ჯგუფები, უმუშევრობა ან 150-500 ლარიანი სამსახურები (მომატების პერსპექტივით), პრობლემების „ექსპერტული შეფასებები“ გლობალურ ფაქტორებზე გადაბრალებით, ფრაგმენტული აღშფოთებები (რეაგირების გარეშე), შვილების უკეთ დროში ცხოვრებაზე ოცნება (რადგან თვითონ ვერ ვაღწევთ), ფსიქოლოგიური პრობლემები, იძულებით ემიგრაციაში გამოსავლის პოვნა, რეფორმების გატარების მოლოდინი და თანმდევი შიში (პოლიტიკური მიზნების გამო).
ერთიანი და მძლავრი სახელმწიფო სისტემის ფორმირება ვერ მოხერხდება არსებული პოლიტიკური ბირთვით. ამისათვის, საჭიროა ახალი რესურსი და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები.
დღეს საზოგადოებას აღარ აინტერესებს ზოგადი ფრაზეოლოგიით საუბარი, მომავალი და გაურკვეველი პროექტების დაანონსება. უკვე დროა აღმასრულებელმა და საკნონმდებლო უწყებებმა დათვალოს გაკეთებული, გასაკეთებელი და გაუკეთებელი პროექტები.
საზოგადოება აქცენტებს აკეთებს მმართველობით შედეგებზე, კონკრეტულად გაწერილ პროგრამებსა და სამთავრობო გეგმებზე. მხოლოდ იმედის მომტანი სიტყვებით კი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, ხოლო პოლიტიკური ფასი დაბალი.
შესაბამისად, აღნიშნული პროცესების ფონზე, იმედის მომცემია „საზოგადოებრივი კომისიის“ შექმნა, რომელიც მმართველობითი პროცესების მონიტორინგს განახორციელებს. ხარისხობრივად შეაფასებს ეფექტიან უწყებებს. ქვეყანას დაეხმარება უწყებების კოორდინაციასა და გამოწვევების დაძლევაში. დროულად გამოავლენს სუსტ რგოლებს და ხელს შეუწყობს მმრთველობითი ეფექტიანობის ზრდას.
ამრიგად, ქვეყანაში თუ იგივე „სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა“ არ გვინდა რომ გვქონდეს, მაშინ პოლიტიკური რესურსი უნდა შეიცვალოს, საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი პოლიტიკური გარემოს ფორმირებას და ახალი პოლიტიკური ძალების ასპარეზზე წარმოჩენას. აღნიშნულ ძალებს კი ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები უნდა წარმოადგენდეს.
რატი აბულაძე,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი