კვირას, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სულ მცირე, 82-ს მიაღწია, მათ შორის 28 ბავშვია,- ინფორმაციას, უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მძიმე ზემოქმედება Camp Mystic-ზე იგრძნობოდა, თითქმის საუკუნოვან, გოგონების ბანაკში, სადაც წყალდიდობის დროს, დაახლოებით, 700 ბავშვი იმყოფებოდა.
შერიფმა ლარი ლეითამ განაცხადა, რომ კერის ოლქში, სადაც „კემპ მისტიკი“ და ტეხასის სხვა ახალგაზრდული ბანაკები მდებარეობს, მაშველებმა 68 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 28 ბავშვია.
კვირას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კერის ოლქში მასშტაბური კატასტროფის გამოცხადებას ხელი მოაწერა, რითაც ტეხასში ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობა დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად ეწვევა შტატს.
ამასთან, კვირას ასობით მოხალისე ჩავიდა ცენტრალურ ტეხასში, რათა მაშველებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დახმარებოდნენ.
ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლკოვნიკმა, ფრიმენ მარტინმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აუცილებლად გაიზრდება.