მთაწმინდის პანთეონში ნიკო ფიროსმანის ახალი მემორიალური დაფა გაკეთდება

პროდიუსერმა დავით ყალიჩავამ „კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. მალე მთაწმინდის პანთეონში ნიკო ფიროსმანის ახალი მემორიალური დაფა გაკეთდება. 


12992875_1275828369112435_1834560312_n
– მთაწმინდის პანთეონში ნიკო ფიროსმანის სიმბოლური საფლავი, მემორიალი გაკეთდება!
ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ქართული მხატვრული ფილმის ,,ექვთიმეს“ გადაღების პირველ დღეს.
ფილმის მხატვარ რამაზ ჩანტლაძესა და ჩემს შორის ჩამოვარდა საუბარი დიდ ფიროსმანზე (ფილმის ერთ-ერთი სცენა ნიკალას ნახატთან იყო დაკავშირებული) და რამაზმა მაჩვენა მთაწმინდის პანთეონში გადაღებული სურათები, სადაც ასახული იყო უსწორმასწოროდ შელესილი, რკინის მილებგამოშვერილი კედელი, რომლის ძირშიც იდო კუთხეჩამოტეხილი, მემორიალური დაფა წარწერით: ,,ნიკო ფიროსმანაშვილი – 1862-1918″.
ვერ აღვწერ, რა მძიმედ იმოქმედა ამ სურათების ნახვამ ჩემზე, მეორე დღესვე ავედი პანთეონში და საკუთარი თვალით ვიხილე ყველაფერი, რამაც კიდევ უფრო დამწყვიტა გული და იქვე, მთაწმინდაზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ძალისხმევა არ დამეშურებინა და მეფიქრა დიდი ნიკალას მემორიალური კუთხის მოწყობაზე. დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, გულანთებულ ადამიანს, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” აღმასრულებელ მდივანს, გოჩა არონიშიძეს, ავუხსენი შექმნილი ვითარება, რის შემდგომაც გადაწყდა, რომ აღნიშნული ფონდი ნიკო ფიროსმანის მემორიალის დაპროექტებას გამწვანების კუთხით თავად განახორციელებდა.
– შეხვდით თბილისის მერის მოადგილეს…
– ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრამ უაღრესად საქმიან, პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა, გამახარა ამ ადამიანის გულისხმიერებამ, სიდარბაისლემ და მომენტალურმა, დადებითმა რეაგირებამ საკითხთან მიმართებაში. შეხვედრის დასრულებისთანავე, ბატონი გრიგოლის უშუალო დავალებით მსჯელობა გაგრძელდა საკონფერენციო დარბაზში, მის თანაშემწესთან და მერიის კულტურის სამსახურის თბილისის პანთეონების ერთ-ერთ კურატორთან, სადაც განვიხილეთ პროექტის განვითარებისათვის საჭირო კონკრეტული დეტალები და სამომავლო სამოქმედო გეგმა. ამის შემდგომ ეს საკითხი ბატონი გოჩა არონიშიძის ინიციატივით მოხსენების სახით წარვადგინე საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეუფე დავით ალავერდელი.
საბჭომ ნიკალას პროექტს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა, შეიქმნა სპეციალური კომისია ბატონი კოკი დადიანის თაოსნობით. კომისიას დაევალა, შეისწავლოს და წარმოადგინოს სავარაუდო ადგილი, პანთეონში სიმბოლური საფლავის, მემორიალის გასაკეთებლად. 2 აპრილს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების ცენტრის კომისიას, უწმინდესისა და უნეტარესის ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” წარმომადგენლებს, მთაწმინდის პანთეონის დირექტორს, ქალბატონი მარინა დავითაშვილს და მე, თქვენს მონა-მორჩილს დავით ყალიჩავას გვქონდა სამუშაო შეხვედრა მთაწმინდის პანთეონში და შეირჩა სამი სავარაუდო ადგილი მემორიალის გასაკეთებლად, ხოლო თუ რომელი ვარიანტი გადაწყდება პროექტის განხორციელებისათვის და როგორ განვითარდება სამომავლოდ მოვლენები, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.
– როდის იგეგმება პროექტის განხორციელება…
– უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ დედაქალაქის მერიის, საქართველოს საპატრიარქოსა და უწმინდესის ფონდის – ,,გაამწვანე საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება ეს არაჩვეულებრივი პროექტი, 2018 წელი  ხომ უდიდესი ნიკო ფიროსმანაშვილის საიუბილეო წელია!

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები