„სპეკულაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გასაკვირი იყო და არ იყო მთლად ნორმალური”

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბოლო დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან „რესპუბლიკური პარტიის“ მისამართით გაჟღერებულ კრიტიკაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს კრიტიკა პარტიისთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს, „რესპუბლიკური პარტია“ ერთადერთი იყო კოალიციაში, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებას მკვეთრად აფასებდა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი აბაშიშვილი გუშინ გამოდიოდა ტელევიზიით და მისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი „რესპუბლიკური პარტიის“ კრიტიკას დაუთმო. საარჩევნო სუბიექტივით ლაპარაკობდა, თითქოს თავად მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში და რას ქვია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაბედა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკაო.
„რესპუბლიკური პარტია“ ალბათ ერთადერთი პარტია იყო კოალიციის შიგნით, რომელიც პრეზიდენტის და წინა პრემიერის დაპირისპირებას ყოველთვის მკვეთრად აფასებდა. მაშინ წარმოუდგენელი იყო ღარიბაშვილის გაკრიტიკება, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა გვქონდა სახეზე.
როდესაც პრეზიდენტს ვაკრიტიკებთ, ვფიქრობთ, ეს მისი შეცდომა იყო. ეს შეცდომა ტრაგედიად არ მიგვაჩნია, ის რეაგირება, რაც ჰქონდა ბატონ აბაშიშვილს და მანამდე ქალბატონ ფიქრიას, რომლებიც დაეშვნენ იქამდე, რომ მინისტრებს ვერ თმობენო, თითქოს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ამ დროებით შენარჩუნებულ მინისტრებს.
ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ნატოს სამიტის და ვიზალიბერალიზაციის წინ, არ მიგვაჩნია სწორად თავდაცვის მინისტრის წასვლა გამართლებულად, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გამოვედით.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ წინასაარჩევნო ფაზაში „რესპუბლიკურ პარტიას“ ცხადია, არ ეყოლება მინისტრები და ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ ხელისუფლების ოპონენტები ვართ არჩევნებში. მგონი, ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვი და სპეკულაციები ამის თაობაზე არ გამიკვირდებოდა პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და ცდილობენ, რომ რაღაც დაგაბრალონ, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გასაკვირი იყო და არ იყო მთლად ნორმალური“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები