კახა კალაძე: პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების თარიღი წინასწარ გახდა ცნობილი. თუმცა, კალაძემ პრეზიდენტს განცხადება დაუწუნა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა. „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიებისთვის მისასალმებელია, რომ წინასწარ გახდა ცნობილი 8 ოქტომბერი და შესაძლებელი იქნება, რომ მათ 3 თვის განმავლობაში სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, თავისი ხედვა, ქვეყნის განვითარების გეგმები, რაც გააჩნიათ, მოსახლეობას გააცნონ. ყოველთვის იყო ჩხუბი და საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა წინასწარ თარიღის გაჟღერება. 5-6 თვით ადრე ახლა გაჟღერდა და ამბობენ, რომ ცუდია. ნამდვილად არ ვეთანხმები “, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„პრეზიდენტმა ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწებასთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება გაკეთებული და მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს, ანუ 3 თვე არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, კალაძის თქმით, ის დაპირისპირებას ვერ ხედავს.
”ვფიქრობ, თავიდან იყო გაუგებრობა. შეიძლება კანცელარიის მხრიდან არასწორად იყო ინფორმაცია მიწოდებული. გუშინ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა. ხდება ხოლმე რაღაც გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გავხადოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშად, ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად. აქ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. საპარლამენტო არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პატარა რაღაც ხუთი თვე იყო, თუ სამი თვე არასერიოზულად მეჩვენება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები