“საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

“საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” საქმიანობის რიგით მე-12 პერიოდული ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც „კვირას “ “საქართველოს სოლიდარობის ფონდიდან” აცნობეს, დაარსებიდან დღემდე ფონდმა 229 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, საერთო ჯამში, 1 147 933 ლარის, 2 212 353 აშშ დოლარისა და 958 697 ევროს მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.
აქედან 107 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დააფინანსა, მათ შორის ქიმიო-თერაპია, ონკო-ქირურგია, მაღალტექნოლოგიური კვლევები და სხივური თერაპია, რომლთა ღირებულებაც სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ლიმიტებს სცილდება, 122 ბენეფიციარი კი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში დაფინანსდა.
ფონდის განცხადებით, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედმა კომისიამ 26 სხდომა გამართა და ფონდის დახმარებით დამტკიცებულია 18 წლის ჩათვლით 194 ბავშვისა და 19-21 წლის ასაკის 35 ახალგაზრდის დაფინანსება.
“საქართველოს სოლიდარობის ფონდი” 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა. „პირველ ეტაპზე „სოლიდარობის ფონდი“ სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით „სოლიდრაობის ფონდი“ შეძლებს პროგრამების გაფართოებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით“, – აცხადებენ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები