აჭარის განათლების სამინისტროს ორმა თანამშრომელმა ათასობით ფაილი წაშალა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2016 წლის 11 აპრილს დაფიქსირდა ელექტრონული ბაზიდან სამსახურებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის განადგურება, – ამის შესახებ მინისტრის მადგილემ ლადო მგალობლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და ვიზიტორთა შემოსვლის მონაცემების წაშლაზე, რომელიც კონკრეტულ საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებას წარმოადგენდა.
მგალობლიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი თქვა, აღედგინა წაშლილი ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის მითითებისამებრ.
“ის შემოიჭრა მინისტრის მოადგილის კაბინეტში და აგრესიული, არაკორექტული ფორმით შეეცადა თავის მართლებას. ასევე ახდენდა ფარულ აუდიოჩაწერას შემდგომი დისკრედიტაციის მიზნით. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული პირების სამსახურისთვის ჩამოშორების შესახებ”, – აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.
მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ უწყების თანამშრომლებმა ინფორმაცია გარე ძალების მითითებით გაანადგურეს, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.
მგალობლიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმე პროკურატურას გადაეცეს.