დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი აღმოსავლეთით გადაადგილდა
„ნასას“ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი აღმოსავლეთით გადაადგილდა. მეცნიერები ამ ფაქტს ადამიანის საქმიანობას უკავშირებენ. ჩრდილოეთ პოლუსის გადაადგილებას ადამიანები უკვე 115 წლის განმავლობაში აკვირდებიან. ბოლო პერიოდამდე ის კანადის მიმართულებით წელიწადში 7-8 სანტიმეტრის სიჩქარით მოძრაობდა. შესაბამისად, მთელი დაკვირვების პერიოდში ის 12 მეტრით გადაადგილდა.
მდგომარეობა 2000 წელს შეიცვალა. ამის შემდეგ პოლუსმა მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და აღმოსავლეთით – დიდი ბრიტანეთის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ახლა ის წელიწადში 17 სანტიმეტრით გადაადგილდება, რაც წინა პერიოდთან შედარებით ორჯერ სწრაფია. მეცნიერებს მაიჩნიათ, რომ ჩრდილოეთ პოლუსის გადაადგილება ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილში ყინულის მასების მატებას, ასევე ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში და გრენლანდიაში ყინულების დნობას უკავშირდება. გარდა ამისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პოლუსის გადაადგილებას ხელი შეუწყო კასპიის ზღვისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულის რაიონში გვალვამ. ეს ყველაფერი ადამიანის მოღვაწეობას უკავშირდება, რაც დედამიწაზე ჰავის ცვლილებას იწვევს.