ირაკლი კობახიძე: საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას
“ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით ძალიან ღრმავდება დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს სააკაშვილ-გიგაურის დაპირისპირების საკითხზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანდახან ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ჯანსაღ ლოგიკას.
„რაც შეეხება გრანტების ათვისებასთან დაკავშირებით მის ეპითეტს, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით ძალიან ღრმავდება დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს. საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას. რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.