ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს
სამომავლო ღონისძიებებზე საფინანსო სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდისა და დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიას აქვეყნებს. დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების მაღალი ჩართულობით წარიმართა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი პირველ ეტაპზე გამოქვეყნდა კითხვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაში. მომდევნო ეტაპზე კი საჯარო განხილვისთვის განთავსდა 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომლის ფარგლებშიც მოხდა დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის, ინიციატივებისა და რეკომენდაციების მიღება.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მიმდინარე ტენდენციების ანალიზის, საზედამხედველო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების და როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისე დაინტერესებული მხარეებისგან კონსულტაციების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, განისაზღვრა ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო პრიორიტეტები, კერძოდ:
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან დაახლოება;
- საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება;
- ფინანსური ინოვაციების განვითარება, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება;
- მომავალზე ორიენტირებული ზედამხედველობის გაძლიერება და ინკლუზიურობის ზრდა.
2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს როგორც საზედამხედველო პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, ისე, 2025 წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და გასული წლის ჭრილში სტრატეგიის შესრულების ანგარიშს.