რაზე წუხდა მამა გაბრიელის და სიცოცხლის ბოლო დღეებში
„დედა ძალიან განიცდიდა იმას, რომ მისი ძმა – წმინდა მამა გაბრიელი მიწიდან ამოასვენეს“, – აცხადებს მამა გაბრიელის დისშვილი დიანა ურგებაძე, რომელსაც დედა ახლახან გარდაეცვალა.
მამა გაბრიელის და, ემა ურგებაძე 27 მარტს გარდაიცვალა და ცხედარი წმინდა ბარბარეს სახელობის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მამა გაბრიელის დისშვილი დიანა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში დედის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს.
„მამა გაბრიელს დაბარებული ჰქონდა, საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი – ხალიჩაში შემახვიეთ, ისე დამკრძალეთ, კუბოშიც კი არ სურდა ჩასვენება, მიწის შვილი იყო და უნდოდა, ბუნებას შეერთებოდა. ნუთუ მამა გაბრიელის სიტყვებისთვის ყურადღება არ უნდა მიექციათ, მიწიდან უნდა ამოეღოთ და მისი საფლავი გაესწორებინათ? იმ ადგილას მხოლოდ ბებიაჩემის საფლავი დარჩა, მაგრამ იქაც ვეღარ შევალ, იმიტომ რომ აკრძალვის ნიშანია და აწერია, ბალახზე არ გადახვიდეთო. ძმის საფლავი რომ გადაუსწორეს, სწორედ ამაზე წუხდა დედაჩემი. ტაძრის ხელმძღვანელობამ მამა გაბრიელის საფლავი ისევ ისე აღადგინოს, როგორც იყო, წარწერა მაინც გააკეთონ, რომ იქ განისვენებდა მამა გაბრიელი, ის მიწა მადლითა და უდიდესი ენერგიით იყო დატვირთული, არ შეიძლებოდა, ხალხისთვის იმედი და იმ ადგილის მადლის რწმენა მოეშალათ, სადაც მამა გაბრიელი განისვენებდა, დედაჩემი ბოლო დროს მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა“, – ამბობს დიანა ურგებაძე.
როგორც იგი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა პატრიარქის სამძიმრის წერილი მიიღო. პანაშვიდზე კი საპატრიარქოდან დედა ანასტასია იყო მისული.