გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ? – არავის საქმე არაა, რატომ წამოვედი

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე შესაძლოა, პრეზიდენტის კვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნოს.
ამის შესახებ სტატია გაზეთ „პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა და ინფორმაციის გადასამოწმებლად ინტერვიუ თავად გიორგი კვერენჩხილაძესთან ჩაწერა.
„საკონსტიტუციოში ხელმძღვანელებიც და მოსამართლეებიც დღეს არიან, მუშაობენ. სექტემბერში რა მოხდება, ამაზე საუბარი არარეალურია და ნაკლებად სერიოზული. ეს თემა ჩემთვის სრულიად უცხოა, რადგან ამაზე საუბრები არ ყოფილა. მომავალში კი რა იქნება -6,7,8 თვის მერე, მოვა დრო და გაირკვევა“,-განაცხადა კვერენჩხილაძემ და კითხვაზე, ახორციელებს თუ არა გარიგებას პრეზიდენტი თავისი კანდიდატის გასაყვანად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია უვიცობაზე მიუთითებს.
„ნაციონალები“ რა შუაშია?! ეს არგუმენტი, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, უვიცობაზე მიუთითებს, რადგან მსხედველობაში არ არის მიღებული არც საკონსტიტუციოს მოსამართლეების პერიოდულობა, არც მათი გამამწესებელი ორგანოები და თანამდებობის პირები. და ა.შ. ეს ყველანაირად არასერიოზული არგუმენტია. ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ გააჩნია“,-აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.
იგი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.
„ჩემი ნებით წამოვედი. არანაირი პრობლემა არ მქონია ვინმეთან, მით უმეტეს პრეზიდენტთან. მადლობის მეტი არაფერი მეტქმის, უბრალოდ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ასე გადავწყვიტე ამ ეტაპზე. ასე ადვილად არ ვიღლები. ბოლოს და ბოლოს არავის საქმე არ არის, რატომ წამოვედი“,- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები