შს მინისტრი: ჩვენ არ შეიძლება რაიმე ფორმით ჩართულნი ვიყოთ საარჩევნო პროცესში

„ჩვენ არ შეიძლება რაიმე ფორმით ჩართულნი ვიყოთ საარჩევნო პროცესში“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2012 წლის ოქტომბრიდან პოლიცია სრულიად დეპოლიტიზებული უწყებაა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს პოლიცია მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, რათა არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში ჩატარდეს.
„კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. 2012 წლის ოქტომბრიდან პოლიცია სრულიად დეპოლიტიზებულია.
ჩვენ არ შეიძლება რაიმე ფორმით ჩართულნი ვიყოთ საარჩევნო პროცესში, გარდა ერთადერთისა – დავიცვათ მართლწესრიგი და ჩვენი მოქალქეების უსაფრთხოება. ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულნი, რათა უსაფრთხოდ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები. ჩვენი მხრიდან რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა გამორიცხულია. პირადად მეც არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვაპირებ“,- დასძინა მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილი საარჩევნო სიაში შესაძლო გადანაცვლების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან არანაირი კონსულტაცია არ გამართულა.
„ჩემთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ბევრი გეგმა მაქვს, მათ შორის, უახლოეს პერიოდში. წინ ბევრი საინტერესო პროექტია განსახორციელებელი“, – დასძინა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები