ეკა კიკიანი: ჩემს ბინაში მეზობლებს ზურაბ ჟვანია არასოდეს შეუნიშნავთ


   გაზეთი „კვირის პალიტრა“ საბურთალოზე იმ ბინას ესტუმრა, სადაც გარდაცვლილი პრემიერის – ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები იპოვეს. მისი მეპატრონე კვლავ ეკა კიკიანია. როგორც კიკიანმა ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, ბინა ზურაბ ჟვანიას პირადმა მცველმა მიშა ძაძამიამ იქირავა, 2 თვის ფულიც წინასწარ გადაუხადა და არც მეზობლები უჩიოდნენ ახალ მდგმურს. კიკიანის განცხადებით, ძაძამია ბინას საკმაოდ იშვიათად სტუმრობდა, ზურაბ ჟვანია კი ბინაში არასოდეს არავის შეუნიშნავს.

„განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ 2004 წლის 6 დეკემბერს გამოვაქვეყნე. მალევე დამირეკა დედამ და მითხრა, – მაკლერ ხათუნას უნდა შენთან შეხვედრა, ამბობს, კარგი კლიენტი მყავსო. სახლი მოსაწესრიგებელი იყო, ამიტომ მეორე დღისთვის დავუნიშნე შეხვედრა, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, სასწრაფოდ გვინდა დაქირავება და იქნებ დღესვე შევხდეთო. დავალაგე სახლი. მაკლერი ხათუნა მოვიდა მიშა ძაძამიასთან (ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი) ერთად. ძაძამიამ ამიხსნა – ბათუმის საბაჟოზე ვმუშაობ და თბილისში სახლი სტუმრებისთვის მჭირდებაო. ვთხოვე, იქნებ წინასწარ გადაეხადათ ორი თვის ბინის ქირა, რადგან მაკლერისთვის მისაცემი მქონდა თანხა. გადამიხადეს 700 დოლარი, ორ დღეში დავცალე სახლი და დედასთან გადავედი საცხოვრებლად. 3 თებერვალს კი ჩემს სახლში ასეთი ამბავი მოხდა.

3 თებერვალს, დილით, ანალიზების გასაკეთებლად ვიყავი. ბაბუამ დამირეკა და მითხრა – ეკა, შენს კორპუსში ჟვანია გარდაიცვალაო. ჩემს მეზობელ ნანას დავურეკე ამბის გასაგებად, რა ხდება ჩვენს კორპუსში-მეთქი. მისგან გავიგე, რომ ჟვანია ჩემს ბინაში გარდაცვლილა. ბინაში მისულს ბევრი ხალხი დამხვდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, გამათბობელი მოხსნილი და ექსპერტიზაზე წაღებული იყო. ის ადგილი, სადაც ცხედრები ესვენა, ცარცით იყო მონიშნული. ტყავის სამეული მისაღებში მქონდა, რომელიც გამათბობელთან იყო გადატანილი. ნანამ მითხრა, დილით ბავშვებს ვამზადებდი სკოლისთვის, ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, შენი ბინის გისოსები მოგლეჯილი იყოო. ქმარს დავუძახე, მგონი, ეკას ბინა გაქურდესო, ამ დროს დავინახეთ, მერაბიშვილი და ადეიშვილი მორბოდნენო, მითხრა. გამიკვირდა და ქმარს ვკითხე, ეკა სად მუშაობს ასეთ ადგილზე, მისი ბინის გაქურდვაზე ადეიშვილი და მერაბიშვილი რომ მორბიანო?! მერე ნანა შეუყვანიათ ჩემს ბინაში. ამბობს, ჟვანიას ცხედარი რომ დავინახე, გავოგნდიო. ნანას გამოართვეს თეთრი მიტკალი, გადააფარეს ცხედრებს და ისე გაასვენეს. ხშირად ვურეკავდი ნანას. ძაძამია ახალგაზრდა ბიჭი იყო და ნანას ვეკითხებოდი – ხომ არ გაწუხებს-მეთქი. მეუბნებოდა, იშვიათად მოდის, ფაქტობრივად, ვერც ვხედავ, ზრდილობიანი, კარგი ბიჭიაო. მხოლოდ მიშა ძაძამია ჰყავს ნანახი, ზურაბ ჟვანია მეზობლებს არასოდეს შეუნიშნავთ “, – აცხადებს კიკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები