ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები 9 აპრილს ერევანში ჩავლენ
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობენ, 9 აპრილს ერევანში ჩავლენ, სადაც რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.
როგორც მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რომენ ნადალმა განაცხადა, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები უახლოეს მომავალში ბაქოში, ერევანში და მთიან ყარაბაღში ჩავლენ. მთიან ყარაბარში ვითარება უკიდურესად გამწვავდა 2 აპრილს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამდღიანი ბრძოლების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.
5 აპრილს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები დღის 12 საათიდან ფრონტის მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.