„იმედი მაქვს, პარლამენტის თავმჯდომარე ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას არ დაიწყებს “
პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენ არ აგვირჩევია, „რესპუბლიკელების“ კვოტიდან გამომდინარე. ის მისი პიროვნული თვისებების გამო გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და იმედი მაქვს, რომ ამ ბოლო პერიოდში იგი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას არ დაიწყებს, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. ქანთარია იმედოვნებს, რომ ყველა სირთულეს, რომელიც შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეიქმნას, პარტიები დაძლევენ.
„სიძნელეები, რა თქმა უნდა, თვალში საცემი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ ეს ბოლომდე. ერთი რამ არის გაუგებარი, რომ პარლამენტში ჩვენ სხვანაირად ვიქნებით და მთავრობაში კიდევ სხვანაირად, თუმცა ამას ალბათ პროცესი აჩვენებს“.
შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტში ინიციატივების გატანა ასეთი კონკურენციის პირობებში, ქანთარიამ განაცხადა, რომ ის საკითხები, რომლის არ დამტკიცების შემთხვევაშიც ქვეყანა შეიძლება დაზარალდეს, პრაქტიკულად არ არსებობს.
„პრინციპული საკითხები, რომლებმაც შეიძლება დააზარალოს ქვეყანა და ვერ გავიტანოთ, ასეთი რამე თითქმის არ არის. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც იქნება რაღაც კომპრომისების შედეგად მიღწეული. იგივე სასამართლოების შესახებ კენჭისყრა, რომელიც ჯერ არ ყოფილა. ყველა მოინდომებს, რომ ფარულად მაინც გადავიდეს კონკურენტულ რეჟიმში, მაგრამ არ მგონია, შექმნან პოლიტიკური კრიზისი. მთავრობაში უფრო მოწესრიგებულად იქნება საქმე და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. საინტერესო პოლიტიკური ეტაპი დგება. ჩვენ ან გადავალთ, მართლაც, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ან თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ სამწუხარო შედეგები იქნება და უკან დაბრუნების პერსპექტივა გველის“,-განაცხადა ქანთარიამ.