ნუკრი ქანთარია: რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი იქნება: ერთი ევროპისკენ, მეორე – საბჭოთა კავშირისაკენ
პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, სამი პოლიტიკური ჯგუფი იქნება. მათ შორის ორი ევროპულ გზას აირჩევს, თუმცა ერთ-ერთი მათგანს არ ექნება ეროვნული ფასეულობები. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, მისი განმარტებით, ეს ჯგუფი უკან – „სავეტსკი საიუზისკენ“ მოინდომებს სვლას.
„რამდენიმე პოლიტიკური ფლანგი გაიშლება. ერთი იქნება ევროპული ოჯახისკენ სვლა და ეს პოლიტკური ჯგუფი ყოველგვარი ეროვნული ფესვების გარეშე, ქართული ცნობიერების, თვითმყოფოდადობის გარეშე იქნება. შეიძლება ითქვას, რომ უსამშობლო პარტიული ჯგუფი იქნება, რომელსაც სამშობლო მიაჩნია ადამიანთა კრებულად და არაა ცოცხალი ორგანიზმი“.
შეკითხვაზე, თუ რომელ ჯგუფს გულისხმობდა ქანთარია, მან განაცხადა, რომ ამაზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებდა.
„ეს უნდა გადაწყვტიოს ამომრჩეველმა და შემდგომ მე გავაკეთებ ამაზე განცხადებას, მეორე ჯგუფი ეს არის ევროპაში. საზღვარს გადალახავს თავისი ფესვებით, ცნობიერებით, მისი თავგადასვლით, ჭირ-ვარამით და ეს ტვირთი იქნება უფრო ნელი, მაგრამ მტკიცე თავის ფესვზე დაყრდნობილი. მესამე ფლანგი კი უკან სრული სვლით, „სავეცკი საიუზისკენ“. ეს სამი ფლანგი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მისი ცნობიერებით შევა ევროპულ ოჯხში და ამას აუცილებლად მოახერხებს. უფრო მკაფიოდ ეს შემდგომ არჩევნებზე გამოჩნდება”,- განაცხადა ქანთარიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას.