”ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.
“კოალიციასაც და უმრავლესობის შემაგდენლობიდანაც გავდივართ. ყრილობის გადაწყვეტილებების და პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შესაბამისად არჩევნებისათვის მზადების პროცესი და მომავალი პარტიული საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნაც დამევალა მე“, – განაცხადა შარტავამ.
ამასთან, შარტავამ კოალიციიდან გასვლის მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი საარჩევნო მზადების რეჟიმში გადასვლაა.
“კოალიციის დატოვების მიზეზი გახლავთ საარჩევნო მზადების რეჟიმში გადასვლა. ამისათვის ფორუმს სჭირდება გარკვეული დრო რომ პარტია გადაეწყოს პოლიტიკურადაც, ორგანიზაციულადაც. ის დრო, რაც არჩევნების გამოცხადებიდან რჩება პარტიას, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში უნდა აქტიურობდეს, არ მიგვაჩნია საკმარისად მოსამზადებლად. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი ვცადეთ, რომ ხანგრძლივი ყოფილიყო მომზადების დრო და კოალიციაც მომზადებულიყო იმისთვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გავდივართ არჩევნებში. სამი აპრილი იყო ის თარიღი, როცა ჩვენ საბოლოოდ გადავწყვიტეთ ამის გამოცხადება”,- განაცხადა კახა შარტავამ.