კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება
ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარვადგენთ, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება.
„განახლება, ახალი სახეები, ახალი სისხლი ეს ყოველთვის კარგია პოლიტიკურ პროცესებში. ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარვადგენთ, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ. შეიძლება ბევრი ცნობადი იყოს, ბევრი უცნობი. არ არის აუცილებელი იყოს წარმატებული, მთავარია იყოს საქმის პროფესიონალი, განათლებული ადამიანი და ჰქონდეს უნარი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, პარტიულ დასაქმებას „ქართული ოცნება“ არ ახორციელებს.
„2012 წელს კარგად გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ზოგს ეშინოდა. იმის მიუხედავად თუ რა მოელოდათ მათ, როგორი ზეწოლა იყო, მათ გარისკეს და ჩვენი მხრიდან ეს დაფასებული იქნება. ამ ადამიანებს პატივი უნდა ვცეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ის ხვალ პარლამენტში არ იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება დაიგნორებული. ყველას ექნება შესაბამისი ფუნქცია, კომპეტენციის მიხედვით ექნებათ დასაქმება. პარტიულ დასაქმებას „ქართული ოცნება“ არ ახორციელებს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.