კახა კალაძე: ყოველთვის ვამბობდი, რომ კოალიცია დაიშლებოდა

ყოველთვის ვამბობდი, რომ რაღაც დროის შემდეგ კოალიცია დაიშლებოდა და ეს იქნებოდა ნორმალური პროცესი – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,  დღეს განსხვავებული რეალობაა და დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ერთი პარტიის ხათრით მოხდა ხმის მიცემა მეორესთვის, მესამესთვის და ა.შ.
„2011 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა ყველა ის პარტია, ვინც დღეს კოალიციაშია და ვინც აღარ არის. დღეს განსხვავებული რეალობაა და სამუდამოდ დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ერთი პარტიის ხათრით მოხდა ხმის მიცემა მეორესთვის, მესამესთვის და ა.შ. ყოველთვის ვამბობდი, რომ რაღაც დროის შემდეგ კოალიცია დაიშლებოდა და ეს იქნებოდა ნორმალური პროცესი. ბევრი ადამიანი ამას აღიქვამდა ისე, რომ თუ ეს მოხდებოდა, დამთავრდებოდა ყველაფერი, ეს იქნებოდა კრიზისი ქვეყანაში, უნდა გადაგვეყენებინა მთავრობა, უნდა ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები ა. შ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის განცხადებით, რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში, ნორმალური პროცესია და ამით ამომრჩეველი არ ზარალდება.
„სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყოველთვის არასწორი თვალით უყურებენ ხოლმე. ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ ხდება რაღაც ცუდი. ამ ყველაფერს ასე არ უნდა შევხედოთ. ეს ნორმალური პროცესია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში და რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრით ამომრჩეველი არ ზარალდება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები