დიმიტრი ავრამოპულოსი: ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამ არჩევანს პირადად ვუჭერ მხარს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში, დიმიტრი ავრამოპულოსს შეხვდა. ევროკომისრის განცხადებით, ის საქართველოსთვის კარგი ამბის ჩამოსატანად – საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროკომისიის ცალსახა მხარდაჭერის დასადასტურებლად ჩამოვიდა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ისტორიული და სტრატეგიული არჩევანია და ამ არჩევანს მხარს პირადადაც უჭერს.
დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტმა შთამბეჭდავი სამუშაო გასწია და საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით, ყველა ის საჭირო მოთხოვნა შეასრულა, რომელიც მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების განსახორციელებლად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარს პირადი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ასეთივე მხარდაჭერას იღებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისგან, იანოშ ჰერმანისგან.
დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს.
დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, მისი უფლებამოსილების სფეროში მიგრაციის საკითხებთან ერთად, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებიც შედის და აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა, ჩვენს ქვეყანასთან სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებშიც ითანამშრომლოს, რაც, ევროკომისრის შეფასებით, საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში დავით უსუფაშვილთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები