სომეხი ექსპერტები – ეს ყველაზე სერიოზული ესკალაციაა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის საზღვარზე, წუხელ ღამით, მდგომარეობა გამწვავდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთელი საზღვრის გასწვრივ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
ერევნის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერია, ჯავშანტექნიკა და ავიაცია გამოიყენეს. სომხეთი იუწყება, რომ მათ შეტევის მოგერიება შეძლეს და აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ასევე რამდენიმე ტანკი გაანადგურეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი მდგომარეობის ესკალაციაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ორმხრივი სროლა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საზღვარზე გამუდმებულმა პროვოკაციებმა გამოიწვია.
ბაქო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დავიდ ბაბაიანმა განაცხადა, რომ მსგავსი ესკალაცია რეგიონში 1994 წლიდან არ მომხდარა. იგივეს აცხადებენ სომეხი ექსპერტებიც. სომხური მხარის ინფორმაციით, ამჟამად ბრძოლები ფრონტის ხაზად გადაქცეულ მარდაკერტის და გადრუთის რაიონებში გრძელდება.
ამ დრომდე დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ორივე მხარე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის განადგურებაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები