საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გარღმავებაზე ისაუბრეს პოლიტიკური, სავაჭრო – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.
ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.