მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ ბრიტანელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა საკითხებზე სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით მუშაობა დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესში მთავრობას დახმარებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო უწევს, რომლის მხარდაჭერით, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ბრიტანელი ექსპერტები ჯონ კისანი და ჯონათან კუპერი ეწვივნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომლებზეც საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული ასპექტები განიხილეს. შეხვედრებს ბრიტანელი ექსპერტები, განათლების საერთაშორისო ცენტრის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო ორგანიზაციების და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარებასა და საჯარო მოხელეების გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ბრიტანელი ექსპერტების ტექნიკური დახმარებით, საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო სატრენინგო მოდულების შემუშავება და დანერგვაა დაგეგმილი.