Die Welt: საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება სურს
საქართველოს შს მინისტრის გერმანიაში ვიზიტს ადგილობრივი პრესა ეხმაურება. „საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება სურს“, – ასე აფასებს გიორგი მღებრიშვილის ვიზიტს Die Welt-ი.
გამოცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გერმანიაში, კერძოდ, რაინლანდ-პფალცში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, მღებრიშვილი მაინცში ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის, ჰანში კი – პოლიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
მღებრიშვილმა და რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა როგერ ლევენცმა სანკტ გოარში, რაინფელზის ციხე-სიმაგრეში დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გამოცემის ცნობით, გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი საკითხი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. “შეთანხმების მიზანი პოლიციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.