საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა
დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის (საეიმა) თავმჯდომარემ ინარა მურნიეცესმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე საეიმას სპიკერმა კიდევ ერთხელ დადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ინარა მურნიეცეს ლატვიელი კანონმდებლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გატარებულ მხარდამჭერ პოლიტიკაზე, რაც გამოიხატა ლატვიის პარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადების მიღებაში.
შეხვედრაზე ასვე ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში აქტიურ თანამშრომლობას.
მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე მიეცემათ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.
ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლატვია, როგორც მეგობარი ქვეყანა ამაყია საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით და მისი მხარდაჭერის მიმართულებით, ბევრი რამ გააკეთა ევროკავშირში ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. მინისტრმა ლატვიის საეიმას თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების პროექტზე. მათ შორის საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მიმართულებით რეფორმების პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, რომელიც სამაგალითო იქნება რეგიონსა და მის მიღმა. მან, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგს და მათ ჩართულობას ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, -აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 30-31 მარტს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ლატვიელ კოლეგასთან და ლატვიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა მიიღო ლატვია-საქართველოს ბიზნესფორუმში.