ზურაბ აბაშიძე: ძირითადი საკითხები კოალიციაში ის პოლიტიკური წილებია, რომლებსაც ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული პარტია
კოალიცია რომ ვერ გასტანდა არჩევნებამდე, ეს ცალსახა იყო. ყველას სურდა, დარჩენილიყო „ოცნებასთან“ ერთად, რადგან მათი შანსი საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად არ გამოიყურება. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ძირითადი საკითხები კოალიციაში ის კვოტები და პოლიტიკური წილებია, რომლებსაც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული პარტია, – აღნიშნულის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პარტიის წევრებს არ სურთ პოზიციების დაკარგვა და უნდათ, რომ შეინარჩუნონ თანამდებობები მთავრობაში. თან სურთ, რომ არ იყვნენ კოალიციაში. ეს ფაქტები კი ბუნდოვანებას უქმნის საზოგადოებას. მე არ ვარ არცერთი პარტიის გულშემატკივარი, რომელიც თავის დროზე კოალიციაში გაერთიანებული იყო. ჩვენ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გარშემო რომ შემოვიკრიბეთ, ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა, რომ ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რაც იმ დროს საკმაოდ წარმატებით დასრულდა. მას შემდეგ კოალიციამ დატოვა ექკლექტური შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ მათ მხოლოდ ინტერესების თანხვედრა ჰქონდათ – შეენარჩუნებინათ თანამდებობები და განევითარებინათ მათი პარტიები, თუმცა საუბარი ის არის, რომ წამყვანი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა პარტიად. აღარ უნდა „ქართულ ოცნებას“ მისი შედეგები და წარმატება ვინმეს გაუნაწილოს და ეს არის პრაგმატული მიდგომა ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან“,- განაცხადა აბაშიძემ.