ზურაბ აბაშიძე: პარტიების კოალიციიდან გასვლა და თანამდებობების შენარჩუნება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგია, რომელიც დიდხანს ვერ გასტანს
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ კოალიცია შესაძლოა, დაიშალოს, თუმცა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მაინც შეინარჩუნონ მათი პოზიციები მთავრობაში, მისთვის გაუგებარი ხდება.
ამასთან, ის აცხადებს, რომ ეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგია, რომელიც დიდხანს ვერ გასტანს. აბაშიძის განმარტებით, ფაქტი დამაბნეველია საზოგადოებისთვისაც, რადგანაც პოზიციაც და ოპოზიციაც მათ ერთ ჭრილში ევლინებათ.
აღნიშნული საკითხის შესახებ აბაშიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოში, ამის ახსნა მარტივი იქნებოდა, რადგან ამის გამოციდლება არსებობს, როდესაც კოალიციები იქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განსხვავებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ თანხვედრა გარკვეულ საკითხებზე, ინარჩუნებენ მათ ადგილს და როლს, მომავალ არჩევნებამდე, მაგრამ გადიან ცალ-ცალკე.
არსებობს ეს ტრადიცია, მაგრამ საუბარია იმაზე, თუ რამდენად იცის ეს ქართულმა საზოგადოებამ და რამდენად მზად არის ამისთვის. ხალხმა ერთი იცის, რომ მხარი ან ხელისუფლებას უნდა დაუჭიროს, ან კიდევ ოპოზიციას. ამიტომ პარტიების ის განცხადება, როდესაც ამბობენ, რომ დარჩებიან თანამდებობებზე და, ამავდროულად, იქნებიან კონკურენტულ რეჟიმში, არის ახალი პოლიტიკური დღის წესირგი და, ვფიქრობ, რომ ეს არის წარმოუდგენელი და დიდხანს ესეც ვერ გასტანს.
ამ დაძაბულობის ფონზე გამოიკვეთა, რომ არის სიძულვილი და არა პარტნიორობა. ვერ გეტყვით, როდემდე დარჩებიან ისინი თანამდებობებზე, მაგრამ ერთი რამ მინდა ვიკითხო, როდესაც პარტია ამბობს, რომ დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, საზოგადოებას რომელი მხრიდან ელაპარაკებიან: ხელისუფლების, პოზიციის, თუ ორივესი ერთად. მე არ მგონია, რომ ამან წარმატება ჰპოვოს. მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, ეს მაბნევს“,-განაცხადა აბაშიძემ.