ლევან ბერძენიშვილი: თუ ვერ გვიტანენ, სახლში წავალთ
„არავითარი ბლოკი არ იქნება, ყველა გამოვცდით, ქართველ ხალხს როგორ ვუყვარვართ“ – ასე აფასებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია „რესპუბლიკელების“ დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი თანაპარტიელების გუშინდელ გადაწყვეტილებას.
ამასთან, პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ ამომრჩეველი მათ შესაბამის ხმას არ მისცემს, ისინი სახლში წავლენ.
დეპუტატი ირწმუნება, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პლენარულ სხდომებს ისე არ გააცდენს, როგორც აქამდე არ გაუცდენია.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, კვორუმი თუ არ არის, ეს იმ ფრაქციებს უნდა მოჰკითხონ, რომლებიც არ დადიან.
„გუშინწინ კვორუმი არ იყო, რადგან უმრავლესობის ყველაზე დიდმა ფრაქციამ არ იაქტიურა და კვორუმი არ შედგა. ჩვენ შემთხვევაში, კვორუმის პრობლემა არ შეიქმნება. პარტიული გადაწყვეტილება ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას მიიღებს, რაც საარჩევნო ბლოკს გამორიცხავს. არავითარი ბლოკი არ იქნება, ყველა გამოვცდით, ქართველ ხალხს როგორ ვუყვარვართ და ერთხელ და სამუდამოდ მტერს და მოყვარეს იმაზე საუბარს შევაწყვეტინებთ, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ, სახლში წავალთ“, – დასძინა ბერძენიშვილმა.