დავით ზურაბიშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები დროებითი მინისტრები არიან და მათი დარჩენა არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული
„რესპუბლიკელი“ მინისტრები, რა თქმა უნდა, დროებითი მინისტრები არიან. იქნებიან თუ არა მინისტრები შემდეგაც, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ კარგად გავედით, მაშინ შეიძლება პრეტეზია გვქონდეს რაღაცაზე, თუ არა, მაშინ მთავრობას ის დააკომპლექტებს, ვინც წარმატებით გამოვა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების “ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მისი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაშიც გადალახავს მინიმალურ ბარიერს.
„ჩვენთან, პარლამენტში, ვინც გაიმარჯვებს, ისინი დააკომპლექტებენ მთავრობას. საპარლამენტო რესპუბლიკის თავისებურებაც სწორედ ეს არის. აქ მთავრობას აკომპლექტებს პარლამენტი, საპრეზიდენტო რესპუბლიკაში კი მთავრობას პრეზიდენტი აკომპლექტებს. არჩევნებამდე 6 თვე დარჩა და, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე პარლამენტიც შეცვლის მუშაობას. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტს ბევრი სამუშაო არ დარჩა. გვაქვს პრეტენზია, რომ ბარიერს გადავლახავთ და ვიქნებით წარმოდგენილები პარლამენტში, თუმცა გვესმის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ადგილის დამკვიდრება საკმაოდ რთულია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.