პრემიერმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პაველ სვობოდას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები სასამართლო რეფორმის დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა იყო.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება და მხარდაჭერა იმ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ნაწილია,”- აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო სისტემის რეფორმასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები