გოგი თოფაძე: მომხრე ვარ, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია

კოალიცია საკმაოდ რთული შესაკრებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ზოგიერთ პარტიას სხვადასხვა ხედვა აქვს, – ამის შესახებ “მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა.
თოფაძემ განმარტა, რომ ის გულისხმობს “რესპუბლიკელებს” და “მრეწველებს”. დეპუტატმა ერთ-ერთ ასეთ საკითხად ერთსქესიანთა ქორწინება დაასახელა, რაც, დეპუტატის შეფასებით, მიუღებელია ქართველებისთვის.
“კოალიცია საკმაოდ რთული შესაკრებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგიერთ პარტიებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ “რესპუბლიკელებს” და “მრეწველებს”. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ძალიან პროქართული ორიენტაცია და ამას ისინი ვერ იზიარებენ”, – განაცხადა თოფაძემ.
მისი განცხადებით, “მრეწველები“ მომხრენი არიან, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა – ყველამ ცალკე იყარონ კენჭი და მერე შეიქმნას კოალიცია. თოფაძის თქმით, 2 აპრილს გაიმართება კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.
“ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ კოალიცია შეიქმნას არჩევნების შემდეგ – ვინც გადალახავს ბარიერს, მერე შეიქმნას კოალიცია, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ასე მოხდება. ვნახოთ. პრემიერ-მინისტრის განცხადება წავიკითხეთ, ზეგ გაიმართება პოლიტსაბჭო და ალბათ, სერიოზული კამათი იქნება თემაზე, როგორ გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვართ მომხრე, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები