ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტომობილების „განბაჟების“ ტარიფები გაიზრდება
ავტომობილების „განბაჟების“ ტარიფები ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წელს ორჯერ გაიზრდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საბაჟო კომიტეტის უფროსმა მურატ ცხოვრებოვმა აცნობა.
„ტარიფები დაახლოებით ორჯერ გაიზრდება. აქ, ძირითადად, ავტომობილები შემოჰყავთ, რომლებიც შვიდი და მეტი წლის არის. თუ აქამდე 1,7 – 2,3 მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების განბაჟება 1,7 და 4,5 ათასი რუბლი ღირდა (25 და 66 აშშ დოლარი), ახლა ეს ტარიფები ორჯერ გაიზრდება“, – განაცხადა ცხოვრებოვმა.
რაც შეეხება 5,5 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს, ცხოვრებოვის თქმით, მათი „განბაჟება“ გაცილებით ძვირი – დაახლოებით 30 ათასი რუბლი (440 აშშ დოლარი) დაჯდება.