მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ სხდომის გამართვა 10 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა საგამოძიებო ვადა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 31 მარტამდე გაგრძელდა. მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ მაგდა პაპიძე იმ დღესვე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, ომარ ქაფიაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. არსებული ინფორმაციით, მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.