ასტრონომმა იუპიტერთან კომეტის შეჯახების ვიდეო გადაიღო (ვიდეო)
ავსტრიელმა მოყვარულმა ასტრონომმა ჰერიტ კერნბაუერმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ეჯახება კაშკაშა ობიექტი (სავარაუდოდ, კომეტა ან ასტეროიდი), პლანეტა იუპიტერს.
იუპიტერთან კოსმოსური ობიექტის შეჯახების ვიდეო კერნბაუერმა შემთხვევით დააფიქსირა. ის ღამის საათებში იუპიტერს ტელესკოპით აკვირდებოდა. სწორედ ამ დროს კაშკაშა ობიექტი იუპიტერს მარჯვენა მხრიდან შეეჯახა, რამაც იუპიტერზე აფეთქება გამოიწვია.
თავდაპირველად კერნბაუერს ეჭვი ეპარებოდა, რომ მან ნამდვილად იუპიტერთან ასტეროიდის ან კომეტის შეჯახება დააფიქსირა. მაგრამ ეს ფაქტი მას შემდეგ დადასტურდა, რაც მსგავსი ვიდეოები მოგვიანებით ირლანდიელმა ასტრონომმა ჯონ მაკკეონმა გამოაქვეყნა. მსგავსი მოვლენები იუპიტერისთვის იშვიათი არ არის. პრაქტიკულად ყოველწლიურად ასტრონომები მზის სისტემის უდიდესი პლანეტის ზედაპირზე აფეთქებებს აფიქსირებენ, რასაც იუპიტერთან მცირე ზომის კოსმოსური ობიექტების შეჯახება იწვევს.