რეზო სტურუას პოეზიის საღამო – „ფიქრების ფანჯარა“…

„მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა“, „ფიქრების ფანჯარა“, „დარდის ხიწვები“, „დღეები, თეთრი მარგალიტები“… – ოთხი კრებული და ერთი ორტომეული. ლექსები, რომლებიც გულიდან ამოდის და გულთან მიდის! და პოეზიის საღამო „ფიქრების ფანჯარა“ – ერთმოქმედებიანი სპექტაკლი რეზო სტურუას ლექსების მიხედვით.
„ახლა, ამ ბოლოს / უფრო ხშირად / მეკითხებიან, / ამ უღმერთობას, / ამდენ ცოდვილს / რა ეშველება?! / ადამიანის სიცოცხლის დრო / ამ ქვეყანაზე / საკმარისია / მოკლეა, თუ გრძლად მეჩვენება?! / მე კი ვპასუხობ: / გააჩნია, / როგორ შეხედავ, / დასაგროვებლად ცოდვებისთვის / ალბათ გრძელია, / მაგრამ მოასწრო, / ის ცოდვები / მოინანიო / ერთ ცხოვრებაში / დამერწმუნეთ / მეტად ძნელია“, – ამ სტრიქონების ავტორს, პროფესორ რეზო სტურუას, 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“ უმასპინძლებს.
სპექტაკლის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მაესტრო ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის. ეს არის ბოლო პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური და ორიგინალური, სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ჭანტურია, დავით გურგენიძე, გაგი მეგრელიძე, გვანცა ბეროშვილი, მინდია ქიტიაშვილი, ლაშა შარაშენიძე, მარიამ მაღლაკელიძე, მარიამ ბოჭორიშვილი, შოთა კენჭიშვილი, ათანასე გუგუნავა, ანა ჩიტიაშვილი, გიორგი ანთიძე, გიორგი ლომიძე, ოთო დვალიშვილი.
სპექტაკლში გამოყენებული იქნება გალაკტიონ ტაბიძის, რამაზ ჩხიკვაძისა და ჯანსუღ კახიძის ხმები ჩანაწერთა ოქროს ფონდიდან, ასევე, ნაწყვეტები გია ყანჩელის, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების, ჯემალ სეფიაშვილის, ბახის, ლისტის, შოპენის, მოცარტის, კრეისლერის, გარდელის, ლე პერას და დონიცეტის ნაწარმოებებიდან.
მაყურებელი იხილავს ნაწყვეტებს უილიამ შექსპირის პიესებიდან: „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „რიჩარდ მესამე“.
ღონისძიების წამყვანია ჯემალ გაბათაშვილი, მუსიკალურად კი საღამოს გააფორმებენ: თეონა ცინცაძე (ფორტეპიანო), ქეთევან ექვთიმიშვილი (ვიოლინო).
დაბოლოს, რეზო სტურუას ლექსების ერთ-ერთი კრებულის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი წერს: “პოეტი და პოეტური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის: გასაოცრად რეზონანსულია პოეტის ფიზიკურ-სხეულებრივი ნატურა მისი პოეტური სამყაროს თემებთან და მოტივებთან, მისი ლექსების რიტმში ახმიანებული სამყაროს სუნთქვასთან… რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუო ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლედ მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია. ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება… ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”.

943849_1313037305378923_8823048098361720671_n

12472350_1313037245378929_1497095431289166837_n

11148750_1313037228712264_2739952864733698926_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები