ოპოზიციამ ოკუპირებულ აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩასატარებლად 11 ათასი ხელმოწერა შეაგროვა
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური მოძრაობების კოალიცია ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ნდობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმის ჩასატარებლად აუცილებელი 10 ათასი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტს რამდენიმე პრეტენზიას უყენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში არ გატარდა კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც ე.წ. პარლამენტის და სასამართლო ხელისუფლების როლს აძლიერებს, არ შექმნილა კოალიციური მთავრობა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა მონაწილეობდნენ. ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის გამოც აკრიტიკებს, რის შედეგად სოხუმი მოსკოვიდან დაფინანსებას დროულად არ იღებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციაში რეფერენდუმის შედეგად მოქმედი ხელისუფლების შეცვლა გათვალისწინებული არ არის. ე.წ. პრეზიდენტის მომხრეებს მოაჩნიათ, რომ ოპოზიციას საყოველთაო რეფერენდუმის ჩასატარებლად საკმარისი არგუმენტები არა აქვს. რაულ ხაჯიმბას ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.