კახა კალაძე: ცუდი არ იქნება, თუ არჩევნებში ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

რუსთავში დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საოლქო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ დღეს “ქართული ოცნების” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარედ რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს. დღესვე აირჩიეს “ქართული ოცნების” საოლქო ორგანიზაციის ბიუროს ხუთი წევრი და ყრილობის შვიდი დელეგატი რუსთავიდან.
კალაძის განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ პარტიაში ახალი სახეები გაჩნდეს.
“პარტიაში რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნება, ახალი სისხლი იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ვინ გაწევრიანდება პარტიაში, რამდენიმე დღეში ჩვენ ამაზეც გავაკეთებთ განცხადებას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დღევანელი კონფერენციის შემდემ, კალაძემ არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით, ამაზე გადაწყვეტილება კოალიციაში ერთობლივად იქნება მიღებული.
“მე სულ ვამბობდი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები