„ამ ეტაპზე შეიძლება ვერ დავსაჯოთ ის ადამიანი, ვინც უცხოეთში ფარული მასალები ატვირთა“

“ ეს არის ტერორიზმის ახალი ფორმა, რომლითაც საზოგადოების დაშანტაჟება ხდება”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ფარული ვიდეოკადრების გავრცელების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, ტექნიკურად იმის გამოძიება, თუ უცხოეთში ვინ ატვირთა ეს კადრები, ძალიან რთულია. ფოფხაძის თქმით, შეიძლება ამ ეტაპზე იმ სამართლებრივ შედეგს ვერ მიაღწიოს, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს უცხოეთში ატვირთა, მაგრამ, მისივე თქმით, თუ მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც ამით ადგილზე მანიპულირებდა, ამით, საერთო ჯამში, ვისაც ეს ფაილები აქვს, მისთვის გამოუყენებელი დარჩება.
„ტექნიკურად ძალიან რთულია იმის გამჟღავნება, თუ საიდან ხდება ამ ვიდეომასალის ატვირთვა და სად არის ამ ყველაფრის წყარო. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, საერთო განწყობა საზოგადოებაში იყო ასეთი, გავანადგუროთ და ამით ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ როდესაც არსებობს ფაილი, დიდი ალბათობით, არსებობს მისი N- რაოდენობით ასლი, თუმცა ჩვენ იმ მომენტში მაგაზე არ ვფიქრობდით, რადგან იმ დროს ყველას გვქონდა მორალური შოკი, რომ ასეთი რამ ხდებოდა ქვეყანაში. მაშინ უნდა განსაზღვრულიყო იმ ადამიანების თეორიული წრე, ვის ხელშიც შეიძლებოდა „კოპირებული“ ფაილები ყოფილიყო. მეორე მხრივ, ახალაია უცხოეთიდან გვითვლიდა: „მე მაქვს ეს ფაილები და გამოვაქვეყნებ, თუ ამას არ იზამთ, იმას არ იზამთ“ …
ამ ფაილების შენახვის პოლიტიკური მოტივაცია აქვთ. არის იმის შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყანას გადასცე ასეთი ფაილები და მერე შენი პოლიტიკოსების რაღაც წრე შანტაჟის ქვეშ მოექცეს. შეიძლება ამ ეტაპზე იმ სამართლებრივ შედეგს ვერ მივაღწიოთ, რომ დავსაჯოთ ის ადამიანი, ვინც ეს უცხოეთში ატვირთა, მაგრამ თუ ისინი მკაცრად დაისჯებიან, ვინც ამით მანიპულირებდა და აქ ადგილზე ცდილობდა რაღაც შედეგის მიღწევას, საბოლოო ჯამში, ვისაც ეს ფაილები აქვს, მათ ისინი გამოუყენებელი დარჩებათ. თუ ჩვენ ამ ეტაპზე პირველ წყაროს ამ ხელსაცეცებს მაინც ჩავუჭრით, მიმაჩნია, რომ მათი რესურსი შემცირდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები