გედევან ფოფხაძე ღარიბაშვილზე: ის არ არის დასაკარგი ადამიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არჩევნებისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
ფოფხაძის განმარტებით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, ხოლო თუ ის დაბრუნებას და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას კვლავ გადაწყვეტს, დეპუტატი თვლის, რომ მას ბევრი კარგი რამის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.
„ბატონი ირაკლი, ღარიბაშვილის წასვლა არ იყო გუნდის გადაწყვეტილება, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. და მე არა მგონია, რომ მას ამ გუნდში რაიმე არაკომფორტული სიტუაცია ჰქონოდა. მე ის მიმაჩნია ახლობლად, მეგობრად და მგონია, რომ თუ ის რაიმე ფორმით გადაწყვეტს, გუნდთან ერთად შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს, ეს გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება, ის არ არის დასაკარგი ადამიანი. მე მიმაჩნია, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება არჩევნებს და კოალიციის ერთობას, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის თქმით, ის საგანგაშოს ვერც რომელიმე სუბიექტის ცალკე გასვლასა და ვერც საკითხებზე შეთანხმებაში ხედავს. თუმცა მიაჩნია, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის ერთიანობის საფუძველი მეტია, ვიდრე განსხვავება.
„მე ვერაფერ საგანგაშოს ვერც ცალ-ცალკე გასვლასა და ვერც იმაში, რომ  გარკვეულ საკითხებზე ერთად შევთანხმდეთ, ვერ ვხედავ. ერთიანობაში ცუდია არაფერია, თუმცა ეს პოლიტიკაში თვითმიზანი არ არის. თუ ჩვენ გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით და ვთვლით, რომ ამ საკითხებზე ერთად უნდა ვიზრუნოთ, მაშინ ამ ერთიანობას აზრი აქვს, თუ არის განსხვავებული ხედვა, შეიძლება ჯობდეს, ესა თუ ის სუბიექტი ამ ხედვით თავად წარდგეს საზოგადოების წინაშე და მომავალში გავვერთიანდეთ. მიმაჩნია, რომ ერთიანობის საფუძველი მეტია, ვიდრე განსხვავება. ჩვენ პარტნიორებს შევთავაზებთ იმას, რაც შესაძლოა, მათთვის საინტერესო იყოს. მგონია, რომ უკმარისობის გრძნობა რაღაც დონეზე ყველა სუბიექტს ექნება“,- აღნიშნა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები