„ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯი დიალოგისთვის და იმედია, ამ პროცესიდან ხელცარიელი არ წავა“

ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ინტერპარტიული ჯგუფისა და ხელისუფლების დიალოგის შესახებ ისაუბრა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, უიმედოდ განწყობილი არ არის და ელოდება, რომ ხელისუფლება, რომელმაც გადადგა ნაბიჯი დიალოგის პროცესის დასაწყებად, უბრალოდ საკუთარ თავს არ დააზარალებს და ამ დიალოგის პროცესიდან ხელცარიელი არ წავა.
ახვლედიანმა ხელისუფლების მიერ ოლქების დაყოფის ცვლილებები გააკრიტიკა და მას არაადეკვატური უწოდა.
„ხელისუფლებამ დაამკვიდრა აბსურდი, როდესაც, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ზემო სვანეთის მხარეებს და 5 მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარი ეყოლება. თითოეულ მათგანში მყოფ ერთ მაჟორიტარს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად განეხორციელებინა შეხვედრები თავის ამომრჩეველთან, ძალიან რთული რელიეფური პირობების გამო. ერთმა ადამიანმა როგორ უნდა მოახერხოს ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში გადასვლა, მესტიიდან – ლენტეხში, როდესაც ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა არ არსებობს და 200 კილომეტრი უნდა შემოიაროს, რომ სამეგრელოდან შევიდეს. ეს სრული აბსურდია. ეს ნიშნავს, რომ ოლქს, რომელშიც 5 მუნიციპალიტეტი ერთიანდება, მაჟორიტარი დეპუტატი უბრალოდ არ ეყოლება. მეორე საკითხია ის, რომ ყველა მაჟორიტარს აქვს მაჟორიტარული ბიურო, რომელიც იმ რაიონის ცენტრში მდებარეობდა ხოლმე, საიდანაც ეს ადამიანი იყო არჩეული.
ახლა 5 მუნიციპალიტეტის პირობებში რამდენი მაჟორიტარული ბიურო უნდა ჰქონდეს ერთ მაჟორიტარს? ბუნებრივია, არაადეკვატურია და არ მგონია, ერთი მაჟორიტარისთვის 5 ბიურო გაიხსნას. არაადეკვატურია ასეთი დაყოფა. ასეთი წარმოუდგენელი დაყოფის შემთხვევები გვაქვს თბილისშიც. მე  ნიჰილისტურადარ ვარ განწყობილი. მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება, რომელმაც გადმოდგა ნაბიჯი, რომ დიალოგის პროცესი დაიწყოს, უბრალოდ საკუთარ თავს არ დააზარალებს და ამ დიალოგის პროცესიდან ხელცარიელი არ წავა“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები