ბექა ნაცვლიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სოფელ ფონიჭალაში არსებული ინფრასტრუქტურული ვითარების შესახებ გავრცელებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს და ოპონენტკოლეგებს მოსახლეობისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სოფელ ფონიჭალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
,,გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მორიგი ტყუილი გაავრცელეს, რომელიც სოფელ ფონიჭალის დასახლებაში გაზისა და კანალიზაციის სისტემის გაუმართაობას შეეხებოდა. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, მოსახლეობის მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სოფელ ფონიჭალის მცხოვრებლებიც არ ეთანხმებიან. აქ არიან ზუსტად იმ ქუჩის მაცხოვრებლები, სადაც 92 წლიდან თვითნებურად ხდებოდა გაზის გაყვანა. პრობლემის მოგვარების მიზნით და ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, კომპანია ,,ყაზტრანსგაზი’’ 5000 გრძივი მეტრი მილის გამოცვლის სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ბუნებრივ აირს სრულფასოვნად, მაღალი წნევით მიიღებს “, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატი კანალიზაციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.
,,სოფელ ფონიჭალაში კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დროს უნდა მოწესრიგებულიყო, მონტაჟდება 40 გრძივი მეტრი მილი, რომელიც კანალიზაციას გარდაბნის საკანალიზაციო მაგისტრალთან დახურული წესით დააკავშირებს. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნუ შეწუხდებიან სიცრუის ტირაჟირებით “, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატი სოფელ ფონიჭალას დღეს პირადად ეწვია, მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა და დეტალურად ისაუბრა როგორც შესრულებულ, ასევე განსახორციელებელ პროექტებზე.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, სოფელ ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე 3545, გუმისთის ქუჩაზე 795, ხოლო იეთიმ გურჯის I შესახვევში 867 კვ.მ. გზებზე უკვე დასრულდა ასფალტის დაგება. ამ დროისათვის კი გზის საფარის მოწესრიგება შემდეგ ქუჩებზე მიმდინარეობს: თავისუფლების ქუჩა 990 კვ.მ, ბედიას ქუჩა 1680 კვ.მ, აღმაშენებლის ქუჩა 300 კვ.მ, სოფელი ჭალა 5000 კვ.მ, გურამიშვილის ქუჩა 1300 კვ.მ. მისივე თქმით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ერთდროულად ზემო და ქვემო ფონიჭალაში მიმდინარეობს, ხოლო გოგებაშვილის ქუჩაზე 40 გრძივი მეტრი გზის საყრდენი კედლის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დეპუტატის განცხადებით, მომზადებულია 4 პროექტი, რომელიც თავისუფლების, კელასურის, გურამიშვილისა და ცურტაველის ქუჩებს საკანალიზაციო ქსელის პრობლემებს მთლიანად მოუწესრიგებს.