დავით ნარმანია სტრასბურგში შეხვედრებს მართავს
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
სესიის დაწყებამდე პირველი შეხვედრა, რომელსაც, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია დაესწრო აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების განხილვა იყო.
ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც კონგრესის ხელმძღვანელობასთან ერთად, თანამშრომლობის აქტივობები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ თბილისი საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მათ შორის, აღსანიშნავია ვორქშოფი – “მერები – ლიდერები ცვლილებებისათვის”, რომელიც საქართველოში საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა.
“კონგრესი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის საკითხებს და გარდა ამისა, იყო საუბარი კონკრეტულად თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ წარმატებულ სემინარზე, სადაც საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა ქალაქების მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის ძალიან აქტიური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს, როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთსა და მოლდავეთში მერების, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურების შესაძლებლობების განვითარებას, გაძლიერებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში განხორციელებულ პროგრამაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სეკრეტარიატის თანამშრომლობის აქტივობების ხელმძღვანელმა მარიტა მორასმაც და ქვეყანაში მიმდინარე აქტივობები დადებითად შეაფასა.
“საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელშიც ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა გააჩნია და ადგილობრივი დემოკრატია ამ მთლიანი გემის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველო, ასევე, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა და 2015 წლის ივლისიდან, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ, ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისშიც დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მხარი დაუჭიროს მერებს, როგორც ცვლილებების განმახორციელებელ ლიდერებს ადგილობრივ თვითმმართველობებში. ჩვენ გვაქვს რიგი სემინარებისა, რომლებიც მოეწყობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის და ეს იძენს რეგიონულ ხასიათს. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, თუ რა არის მათი ლიდერობის პრინციპები, როგორ უნდა განახორციელონ ცვლილებები, როგორ უნდა აწარმოონ საქმიანობა მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით და გამჭვირვალედ, შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას და წლევანდელი სესიის მთავარი თემაა – ეთიკა და გამჭვირვალობა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რადგან მხოლოდ ამ პრინციპებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი, მოპოვებულ იქნეს საზოგადოების ნდობა. ვიმედონებ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით, ბევრი კარგი ინიციატივა განხორციელდება”, – განაცხადა მარიტა მორასმა.