პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, – ამის შესახებ წითელაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ეთერში დღეს თავად განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურას მან 2008 წელს მის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც თავად აცხადებდა, ის ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მისგან სათანადო ჩვენება ვერ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ წითელაშვილმა გადაცემაში კონკრეტული პირები დაასახელა, ვინც მისი თქმით, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
„2008 წლის 26 აგვისტოს სახლიდან ვიყავი გატაცებული კონტრდაზვერვის მიერ. „მოდულის“ შენობაში, ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ლევან ტაბიძე კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, კონტრდაზვერვის დირექტორი შალვა ჟღენტი, ვასახელებ გამტაცებლებსაც – დაჩი ჯაფარიძე, ზურაბ ასლამაზაშვილი, რომელიც დღეს გენერალური შტაბის ადმინისტრაციის უფროსია, რუსლან იოსელიანი, რომელიც სოდ-ის წარმომადგენელი იყო. ამ ყველაფერს მე სასამართლო პროცესზეც ვამბობდი. 28 აგვისტოს კი არ დამაპატიმრეს, 26 აგვისტოს ვიყავი გატაცებული“, – განაცხადა წითელაშვილმა.