ევროსაბჭოს ასამბლეის წევრების შეფასებით, საოკუპაციო ხაზთან იმაზე რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ინფორმაციას ფლობდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები შიდა ქართლში ჩავიდნენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან იმაზე უფრო რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ. მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ დავით ვანიშვილსაც ესაუბრნენ და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ოჯახის წევრებისგან მოისმინეს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ უკვე დაასრულა ოფიციალური შეხვედრები. ისინი საქართველოს ხვალ დატოვებენ.