სესილია მალმსტრომი: საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გაუმჯობესებულია

ვულოცავ პრემიერს იმ რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა.
“შეხვედრაზე განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რომლებიც ძალიან მალე შევა ძალაში ევროკაშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ჩვენს შორის ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ტენდენციები იზრდება. ჩვენი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, თუ როგორ შეიძლება დამატებით გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ეს ხელშეკრულება გვანიჭებს, იგი უნდა იქნას გამოყენებული ქართული კომპანიების მიერ. გვინდა, რომ ქართული მხარის ინფორმირებულობა გავზარდოთ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ასევე გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ აღნიშნული კომპანიებისთვის. მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ პირდაპირი დაფინანსება. მცირე და საშუალო კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ, იმუშაონ საინვესტიციო ბანკებთან ევროკავშირში და ა.შ”, – განაცხადა ევროკომისარმა და საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
“ვულოცავ პრემიერს იმ რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გაუმჯობესებულია. კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს ბიზნესკლიმატი და სტიმული მიეცეს საქართველოში პროდუქტიულობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტს ევროპაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ქართული კივი, კენკროვანები, ვმუშაობთ თაფლის მიმართულებით”, – აღნიშნა მალმსტრომმა და დასძინა, რომ მიდის მუშაობა ასევე საკვების უვნებლობის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები