შალვა ხაჭაპურიძე: შემომთავაზეს, თუ გინდა „მასტერასგან“ კადრებს გაყიდინებ და უფასოდაც მოვაცემინებო
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან „ნაციონალები“ და უკრაინაში გაქცეული მათი ბელადი, სააკაშვილი დგანან“, – აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან “ინტერვიუში.
ადვოკატი ინტერვიუში წარსულს იხსენებს და გამოცემას დეტალურად უამბობს, თუ როგორ დაუკავშირდა მას ერთ-ერთი პატიმარი და შესთავაზა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები.
მისი თქმით, მას ყოფილი პატიმარი 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორი თვის შემდეგ დაუკავშირდა.
ადვოკატი ამბობს, რომ მას ყოფილი პატიმარი იმ საქმესთან დაკავშირებით შეხვდა, რისთვისაც სასჯელს იხდიდა.
შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ყოფილი პატიმარი სასჯელს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იხდიდა.
მისივე თქმით, ყოფილი პატიმარი „მასტერასთან“ დაახლოებული პირი იყო.
„როგორც ამ ბიჭმა მითხრა, „მასტერას“ საერთო ახლობლისგან იცნობდა და 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში მას ჰოლანდიაში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა. ამ ბიჭს „მასტერამ“ უთხრა, რომ ჰქონდა ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელთა გაყიდვასაც გეგმავდა. შესთავაზა კიდეც – თუ საქართველოში იპოვი დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც ამ კადრებში ფულს გადაიხდიან, მზად ვარ, მივყიდოო.
„მასტერამ“ ამ პიროვნებას რამდენიმე პოლიტიკოსის გვარი ჩამოუთვალა და უთხრა, რომ კადრები მათ პირად ცხოვრებას ასახავდა. ისიც, უთქვამს, თუ მყიდველი დაინტერესდება, შემიძლია რამდენიმე კადრი, ნიმუშის სახით წინასწარ ვაჩვენოთ. „მასტერამ“ ყოფილ პატიმარს დაუკონკრეტა – კადრებში, რომლებიც ხელთ მაქვს, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოებაში ცნობილი სახეების ინტიმური ცხოვრებაა ასახულიო.
„მასტერამ“ ყოფილ პატიმარს უთხრა, რომ კადრები ეხება როგორც სააკაშვილის დროინდელი ოპოზიციისა და დღევანდელი ხელისუფლების, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. მითხრა – „თუ გინდა „მასტერასგან“ კადრებს გაყიდინებ და რამდენიმე ფაილს უფასოდაც მოვაცემინებო, მაგრამ ცივი უარი ვუთხარი – მსგავსი სიბინძურე არაფერში მაინტერესებს და არ მჭირდება-მეთქი“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ხაჭაპურიძის ინფორმაციით, „მასტერა“ კადრების მყიდველებს აქტიურად ეძებდა.
„ასეთი კადრები არა მარტო „მასტერას“, არამედ მეგის ქარდავასაც რომ აქვს წაღებული, ეს მისმა ადვოკატმაც აღიარა. ერთი პერიოდი, იმის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაქცეული მეგის ქარდავა აფხაზეთის ტერიტორიაზე იმალებოდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსულ სპეცსამსახურებთან ივაჭრა და მათ ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადასცა. ჩემი ღრმა რწმენით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან „ნაციონალები“ და უკრაინაში გაქცეული მათი ბელადი, სააკაშვილი დგანან“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.