მიხეილ ჯანელიძე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკომისრის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის რეფორმები ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, შესრულების კონტექსტში.
ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ასევე, მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევის თვალსაზრისით.
ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ქვეყანაში რეფორმების შემდგომი მხარდაჭერის მიმართ.
მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გააქტიურებასა და საქართველოდან ექსპორტის გაზრდას ევროკავშირის ბაზარზე.
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.
„ძალიან მნიშვნელობანი ცვლილება მოხდა საქართველოს ეკონომიკასა და სავაჭრო სისტემაში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ევროკაშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. გაიზარდა ევროკავშირის წილი ჩვენს საერთო ვაჭრობაში, ასევე იზრდება ექსპორტი, რაც ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისთვის და ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.
ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გამყარებას და ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურ რეალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს როგორც საქონლით ვაჭრობის, ასევე მომსახურების მიწოდების და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარების კუთხით“,- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, სესილია მალმსტრომი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე შეხვედრა გაიმართება ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოში (EUGBC). ვიზიტის ფარგლებში სესილია მალსტრომი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის ლექცია-დისკუსიას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები